საქართველოში 10 404 მოზარდი სკოლის მიღმაა დარჩენილი | რას აპირებს სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოში 10 404 მოზარდია, რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში, – ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სექტემბერში ქვეყანაში „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ შეიქმნა და სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში გამოვლინდა, რომ: 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდს (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1.7%) არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.

სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში; ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები.

აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, მოზარდებისათვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებელთათვის – სატრენინგო მოდულები.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 61 მლნ ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი.