საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები - UNICEF

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ვკითხულობთ, რომ კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები — ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები.

გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ბავშვთა კვებასთან, ნუტრიციულ სტატუსთან და განვითარებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოსა და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს სახლში არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი.