საქართველოში არ დგას ამ კანონპროექტების მიღების აუცილებლობა - ICON•S საქართველო

პუბლიკა

საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობა – ICON•S საქართველო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში კანონპროექტები შეფასებულია, როგორც ევროინტეგრაციის კურსის შემაფერხებელი.

„საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობის – ICON•S საქართველოს სახელით, გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტების საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს მხარი არ დაუჭირონ მათ.

უცხოური გამოცდილებისა და ქართული კონტექსტის გათვალისწინებით, ორივე ეს ინიციატივა და რომელიმე მათგანის კანონად მიღება, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას. საქართველოში არ არსებობს აუცილებლობა, რომელსაც ემსახურება ეს კანონპროექტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა ამ კანონების გარეშეც სრულად უზრუნველყოფილია არსებული კანონმდებლობით.

ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, სამართლებრივი, სოციალური სახელმწიფოს გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედია-საშუალებებს და მათი საქმიანობა ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედია-საშუალებების მიმართ ტერმინის „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენება განსხვავებულ ინტერპრეტაციას და მათ სტიგმატიზაციას გამოიწვევს. ამასთან, კანონპროექტებით გათვალისწინებული მოთხოვნები/შეზღუდვები არ ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების ლეგიტიმურ მიზნებს, კანონის სამართლიანობის, გამჭვირვალობის მოთხოვნებს. აღნიშნული კანონპროექტები არ წარმოადგენენ არც ევროპული ქვეყნების გამოცდილებას და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონისა და პრაქტიკის გაზიარებას. კანონპროექტები, მათში გათვალისწინებული მიზნებიდან და დებულებებიდან გამომდინარე, იმეორებენ რუსეთის ფედერაციაში მიღებული კანონმდებლობის მიზნებს და დებულებებს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედია-საშუალებების კონტროლისკენ, მათი საქმიანობისშეზღუდვისკენ არის მიმართული.

ადამიანის უფლებებთან, ევროპის კავშირის ფუძემდებლურ პრინციპებთან წინააღმდეგობის გამო, მსგავსი კანონების მიმართ უარყოფითი პოზიცია გამოხატა როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ისე ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გასათვალისწინებელია. კერძოდ, 2022 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთში მსგავსი კანონის გამოყენებაზე ადამიანის უფლებების დარღვევა დაადგინა, ხოლო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ 2020 წელს უნგრეთის წინააღმდეგ საქმეში დაადგინა, რომ მსგავსი კანონი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამასთან, კანონპროექტის კანონად ქცევა ღია განაცხადი იქნება ჩვენი საერთაშირისო სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ საქართველო სწორედ მათ განიხილავს როგორც ქართულ საზოგადოებაზე მტრული გავლენის მომხდენ სახელმწიფოებად, მაშინ, როცა ისინი ძალღონეს არ იშურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არაღიარების პოლიტიკის მხარდასაჭერად, ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთოხების განსამტკიცებლად.

საქართველოს უკლებლივ ყველა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ინიციატივის მიმართ, რაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს იმ სახელმწიფოსთვის რომლის კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ორგანოებს რომ „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტში, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დასახელებული კანონპროექტების განხილვა აზიანებს ჩვენი სახელმწიფოს მიერ განცხადებულ დემოკრატიულ ღირებულებებს და დაგვაკარგვინებს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას.

შესაბამისად, საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობა – ICON•S საქართველო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების ყველა ნაბიჯი შეუსაბამოს ქართველი ხალხის მიზანს, რომელიც ცალსახად ევროკავშირში ინტეგრაციაა და მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.