საქართველოში არ სურთ შარშანდელი კრიზისის გაკვეთილის გათვალისწინება – რუსეთის საგარეო უწყება კიბერთავდასხმის ბრალდებაზე

პუბლიკა

რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიბერთავდასხმაზე საქართველოს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ბრალდებას გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ეს იყო მტკიცებულებების გარეშე შეთხზული საინფორმაციო კამპანია, საქართველოს ელექტრონულ ქსელებში ზიანის მომტან მოქმედებებში რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს.

„ყურადღებას იქცევს ვაშინგტონის, ლონდონის, თბილისისა და სხვების მიერ სინქრონულად მოწყობილი პროპაგანდისტული კამპანია. ოთხი თვე დაჭირდა იმას, რომ რუსეთი დაედანაშაულებინათ ინციდენტში, რომელიც წინა წლის 28 ოქტომბერს მოხდა. ყველა ბრალდება ისევ „highly likely“-ის პრინციპზეა დაფუძნებული.

სამწუხაროა, რომ თვითონ საქართველოშიც კი არ სურთ რუსეთის დემონიზაციაზე უარის თქმა, გასული წლის კრიზისის გაკვეთილების გათვალისწინება. ეს დამატებით ძაბავს ისედაც რთულ ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ არსებული უთანხმოებების დაძლევა და ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელება პასუხობს რუსი და ქართველი ხალხის ინტერესებს. გვესმის, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საერთოდ არ აწყობთ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა.

კიბერშტევა, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

რუსული კიბერშეტევა დაგმო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, ასევე დიდი ბრიტანეთის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ლიეტუვის და სხვა ქვეყნების საგარეო უწყებებმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კიბერთავდასხმის გამოძიებაში საქართველოს ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები ეხმარებოდნენ.