რუსი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ვლადიმირ პოზნერის თქმით, ის და მისი გარშემომყოფები საქართველოში არ დაუჯარიმებიათ. ამის შესახებ პოზნერმა რუსულ გამოცემა Ria-თან ისაუბრა.
როგორც გამოცემა წერს, პოზნერმა თავიდან მათთან განაცხადა, რომ თბილისში 3 აპრილამდე გეგმავდან დარჩენას, მაგრამ ქვეყანა ნაადრევად დატოვა და ახლა უკვე მოსკოვში იმყოფება. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერის კომენტარი, თითქოს პოზნერი და მისი თანმხლები პირები კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სიმართლე არაა და თავად ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი აქ არავის დაუჯარიმებია.
„არც ერთი ჩვენგანი არ დაუჯარიმებიათ საერთოდ“, – ციტირებს პოზნერის სიტყვებს Ria.
რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.
პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.
ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.