საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ პირები აიცრებიან - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს ექსპერტების საბჭომ სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა და რეკომენდაცია გაუწია „ასტრაზენეკათი“ 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას.

„საბჭომ იმსჯელა და რეკომენდაცია გაუწია 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას – იქნება ეს მაღალი რისკის ჯგუფი თუ ნებისმიერ სხვა ჯგუფი, გამომდინარე ქრონიკული დაავადების არსებობისა თუ იმ კუთვნილებიდან, რომელიც მის რისკს ზრდის პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ესენციური სერვისების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პროფესიონალები“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, შემდგომი გაფართოება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასთვის“ აღარ მოხდება.

„რაც შეეხება პირველი ვაქცინაციის ჩატარებას და მომდევნო ვაქცინაციას ისევ „ასტრაზენეკათი“, ამ შემთხვევაში რეკომენდაცია რაიმე ცვლილების შესახებ საჭირო არ არის და არ არსებობს. ამდენად, ის, ვინც  უსაფრთხოდ ჩაიტარა ვაქცინაციის პირველი დოზა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, ასევე შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზა, როცა მას მოუწევს 8 და 12-კვირიანი ინტერვალით ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ უწყება ალტერნატიული ვაქცინების დანერგვის დაჩქარებაზე მუშაობს და ამასთანავე, ისაუბურა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის საერთაშორისო მონაცემებზე.

„გუშინ ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. ექსპერტების კომიტეტმა ორივე ორგანიზაციაში დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე, თუმცა მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და ასტრაზენეკას შორის – უიშვიათესია ეს გართულება, სტატისტიკა (დღევანდლამდე არსებული) მიუთითებს, რომ შესაძლებლობა არის დაახლოებით 4 – ერთ მილიონ მოსახლეზე. ეს არის ბრიტანეთის მონაცემი, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩაითვალა ყურადღების გამახვილება ამ ტიპის გართულებაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მაგალითი დაასახელა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფში „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერების შესახებ:

„მაგალითად, დანიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში „ასტრაზენეკას“ გამოყენება გაგრძელდება 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში, საფრანგეთში 55 წლის ზემოთ მოსახლეობაში, შვედეთში 65 წლის ზემოთ მოსახლეობაში, ესპანეთში – 65 წლის ზემოთ. თუმცა ესენციურ ჯგუფებში, სადაც რისკი განსაკუთრებით მაღალია, ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში, შესაძლოა, გაგრძელდეს ასტრაზენეკას გამოყენება“, – განაცხადა გაბუნიამ.