საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო

პუბლიკა

საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სერვისი უფასოა.

პროგრამის მიზანი B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა.

პროგრამის პირველ ეტაპზე პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.

პროგრამაში შედის პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე, ჯანდაცვის უწყების ცნობით, პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები  ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.

B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისათვის, რომლებსაც ამ ეტაპზე კლინიკურად არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.

იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.

სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 11 სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება.

B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაწყებულია ტესტირება.