აშშ-ის სენატში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე მოსმენა გაიმართა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის მოსმენისას სიტყვით გამოვიდა სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიხსენა, როგორც დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი და სინანული გამოთქვა, რომ მას შემდეგ საქართველოში დემოკრატიამ უკუსვლა განიცადა.
„მე და სენატორი შაჰინი საქართველოში 2012 წელს ვიყავით. მინდა გითხრათ, რომ მე აღფრთოვანებული ვიყავი და მართლა მჯეროდა, რომ ქვეყანა იყო ახალ დასაწყისთან. არჩევნების შემდეგ დილას ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავით ორივე მხარის ბანაკში – როგორც წაგებული, ასევე გამარჯვებული მხარის. ჩვენ შევხვდით პარტიების ლიდერებს – ბატონ სააკაშვილს და ბატონ ივანიშვილს.
მე პირადად ბევრ არჩევნებზე ვყოფილვარ. ვყოფილვარ ყველა მხარეს და მინდა გითხართ, რომ მაშინ განწყობა ორივე ბანაკში იყო ისეთი, როგორც ამერიკაში არჩევნების შემდეგ. გამარჯვებულები თავს გრძნობდნენ გამარჯვებულებად, წაგებულები — წაგებულებად. ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი ორივე მხარესთან, ისინი აკეთებდნენ წინდაუხედავ განცხადებებს, რაც ხდება ხოლმე არჩევნების შემდეგ, მაშინ როცა მთელი ღამე ფეხზე იყავი.
თუმცა, მალევე ძალიან ოპტიმისტური განწყობა დამეუფლა, რადგანაც მხარეები დათანხმდნენ შეხვედრაზე, რისკენაც ჩვენ მოვუწოდებდით და ვურჩევდით. ჩვენ კმაყოფილები ვიყავით, რომ მოვლენები ამგვარად წარიმართა. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ჩვენ იმედები გვიცრუვდებოდა – ადგილი ჰქონდა უფრო მეტ და მეტ პოლიტიკურ დევნას და კიდევ ერთხელ ჩვენ, როგორც შეგვეძლო ვამბობდით, რომ ეს არ იყო საუკეთესო გზა.
ამასთანავე, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ დემოკრატიამ ქვეყანაში უკუსვლა განიცადა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც საქართველო უკეთესს იმსახურებს. ქვეყანა, რომელიც არის უნიკალურ პოზიციაში, რომ თავი დააღწიოს პოსტსაბჭოთა დროს.
არადა, რაც ხდება ახლა, ჩვენ ვხედავთ ოლიგარქის მზარდ გავლენას მედიაზე, სასამართლოსა და პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილზე. ამჟამინდელ კრიზისზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მზარდი დაპირისპირების და წარუმატებელი რეფორმების კულმინაციაა, პასუხისმგებლობას, ჩემი აზრით, ყველა მხარე იზიარებს. ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა ლიდერებმა უნდა გაიაზრონ, რომ სვლის გაგრძელება და უთანხმოების გვერდზე გადადება მათი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა რიშმა.
სენატორის თქმით, აშშ-ის ელჩი საქართველოში და მისი გუნდი დაუღალავად შრომობდნენ, რომ შემდგარიყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება. რადგან ეს კონფლიქტი აზიანებს ქვეყანას, ქართველ ხალხს და კარს უღებს რუსეთს. რიშმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიასა და „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები და გადაჭრან მათ შორის არსებული უთანხმოება.
„საქართველო კრიტიკულ მომენტშია. თუ ის არ აამუშავებს თავის დემოკრატიას ახლა, არ ვიცი, როდისღა შეძლებს ამას. ის დაკარგავს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრების შანსს. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოახერხონ კრიზისიდან გამოსავალზე შეთანხმება და შეთანხმება იმაზე, რომ საჭიროა რეფორმები, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს მომავალი“, – განაცხადა რიშმა.