საქართველოში დააკავეს არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, აშშ-ის მოქალაქე - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში დააკავეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი,  შტატების მოქალაქე.

შსს-ის ცნობით, დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე.

„დადგინდა, რომ ბრალდებულმა მანამდე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ვიდრე მასზე გამოცხადდებოდა საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა აღნიშნული ბრალდებულის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება“, – აცხადებს თეიმურაზ კუპატაძე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

შსს-ის პრესსამსახური ასევე ავრცელებს შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცრის კომენტარსაც:

„გაქცეული პირი წითელი ცირკულარით იძებნებოდა აშშ-ში ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულებისთვის. მოხარული ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც გაგვაჩნია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან, მის დირექტორთან, თეიმურაზ კუპატაძესთან და კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნული პირის ძებნისა და დაკავების ღონისძიებაში“ – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერმა ჯეიმს ულინიმ.