საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს მოქალაქეები უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ

პუბლიკა

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება, ქართულ სოციალურ ქსელებში უკრაინის მხარდამჭერი პოსტები გამოჩნდა.

საქართველოში დარჩენილი უკრაინელი მოქალაქეების დახმარების სურვილს ასევე გამოთქვამენ სხვადასხვა დაწესებულებები – სასტუმროები, ჰოსტელები, საოჯახო სახლები, რესტორნები, კაფეები და ა.შ.

ფეისბუქჯგუფმა Spend 4 Seasons in Georgia-მ, რომელშიც გაერთიანებულია 350 ათასამდე მომხმარებელი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოთქვა მზადყოფნა, პლატფორმა დაუთმოს ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისაც შეუძლია, რაიმე ფორმით დაეხმაროს უკრაინელებს.

ფეისბუქჯგუფში პოსტავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე დაწესებულებები და გამოთქვამენ დახმარების მზადყოფნას.

უკვე არსებული ჯგუფების გარდა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა უკრაინისა და საქართველოს სოლიდარობის დღეს შექმნილი ფეისბუქჯგუფებიც.