საქართველოში დარჩენილია რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პანდემიის დასაწყისში არ წავიდნენ - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ის სოციალურ ქსელებში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა ყოფნასთან დაკავშირებულ დისკუსიას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა ქვეყანასთან ჩაკეტილი აქვს საზღვარი. ქვეყანაში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის შემდეგ შემოსვლას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ახერხებენ. ასევე ქვეყანაში შემოდიან პირები, რომელთა ოჯახის წევრებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ასევე იმყოფებიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც პანდემიის დაწყების დროს არ დატოვეს ქვეყანა და ქვეყანაში ყოფნის კანონით დადგენილი ვადები არ გასვლიათ.

„აქცენტი გაკეთებული იყო რუსეთზე, რომ  საზღვრები გახსნილია და შემოდიან ავტომანქანებით. მე მინდა, სწორი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას – საზღვრები ყველა მიმართულებით დაკეტილია, მათ შორის რუსეთთან. გახსნილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია,თუ პირი ჩვენი მოქალაქეა, თუმცა შემოსვლის დროს ყველა მათგანი კარანტინში მიდის. ესენი არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, ან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების ან შვილები არიან, ან მეუღლეები. თუ მშობელი ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, არ გვაქვს უფლება შვილს უარი ვუთხრათ შემოსვლაზე.

ასევე დამატებით მინდა გითხრათ, რომ არიან დარჩენილი რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის დაწყების შემდეგ არ წავიდნენ და საქართველოში დარჩნენ. ისინი ლეგალურად არიან, საქართველოში ყოფნისთვის განსაზღვრული დრო არ გათავებიათ და იძულებით ვერ გავუშვებთ ქვეყნიდან“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.