სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
განცხადებაში წერია, რომ საქართველოში გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლებები უფლებების სათანადოდ რეალიზების პროცესში.
„გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიწოდება, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის მობილიზება. პრობლემად რჩება ამ პირთა მიერ სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. შესაბამისად, აუცილებელია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემაზე ზრუნვა, არსებულ სტერეოტიპებთან, ცრურწმენებთან და მავნე ადათ-წესებთან ბრძოლა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, დაუნის სინდრომის მქონე პირთა/მათი მხარდამჭერი ქსელის გაძლიერების, ამ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე დაფუძნებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვის, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების, სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით.