დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. გამყრელიძის კომენტარის წერილობით ვერსიას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. ასევე, მისივე თქმით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ.
„დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით. აქედან ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთზე მიმდინარეობს კვლევა. ამ სამ კლასტერში სულ 31 ადამიანია. დიდი ალბათობით ყველა ეს 31 შემთხვევა არის მუტირებული შტამით გამოწვეული, მაგრამ კლინიკურად არც ერთი არ არის მძიმე.
რა თქმა უნდა, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკი არსებობს, რადგან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ სერიოზულად გავრცელდა. ევროპული წყაროებიდან ირკვევა, რომ გერმანიაში დიაგნოსტირებული შემთხვევების დაახლოებით 40% ეს შტამია და არა ვთქვათ ეს კლასიკური, თავდაპირველი შტამი. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და შემთხვევები იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტია ახალგაზრდებში და ცოტა უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. კვლევებით დადგინდა, რომ ეს ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზეა, ფარავენ ამ შტამსაც.
ეს მოსალოდნელიც იყო, რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მუტაცია დადგინდა ლაბორატორიულად, რასაც მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.