საქართველოში იმყოფება ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ულტრამემარჯვენე იტამარ ბენ გვირი.
მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის მხოლოდ „ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების თანახმად, იტამარ ბენ გვირს „ოცნების” შს მინისტრმა, გელა გელაძემ უმასპინძლა.
„ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.
გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის”. – ნათქვამია „ოცნების” შსს-ის განცხადებაში.
იტამარ ბენ გვირი ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული ფიგურაა ისრაელის ხელისუფლებაში.
ის პარტია „ოტცმა იეჰუდიტის“ („ებრაული ძალა“) ლიდერია. პარტია ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურ და რელიგიურ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.
წარსულში ბენ გვირი ასოცირდებოდა რაბინ მეირ კაჰანეს მოძრაობასთან („კაჰანი“), რომელიც ისრაელში 1988 წელს რასისტული შეხედულებების გამო აიკრძალა.
იტმარ ბენ გვირს, 10 ივნისიდან ისრაელის ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩთან ერთად აქვს დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიის და ნორვეგიის სანქციები.
ამ ქვეყნებმა სანქციები მათ პალესტინელთა მიმართ სიძულვილის წაქეზების გამო დაუწესეს.
ამავე დროს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ბენ გვირის და სმოტრიჩის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერებს ამზადებს და როგორც აცხადებს, უკვე „თითქმის მზად აქვს”.