საქართველოში ისვენებს რუსი ტელეწამყვანი, რომელსაც, სავარაუდოდ, „ოკუპაციის შესახებ“ კანონი დარღვეული აქვს

პუბლიკა

რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა საქართველოში ისვენებს და თბილისში გადაღებულ ფოტოებს Instagram-ზე ავრცელებს. ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ტელეწამყვანი რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოგზაურობდა. ბოროდინამ ეს ინფორმაცია „ფორმულასაც“ დაუდასტურა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოროდინას, სავარაუდოდ, დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, იგი აცხადებს, რომ საქართველოში შემოსვლისას მისთვის კითხვები არ დაუსვამთ.

„არა, არანაირი კითხვები [საზღვარზე], მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე [რუსეთში], რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.

დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე [კანონი]? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი“, – თქვა ბოროდინამ.

„პუბლიკა“ ცდილობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს, როგორ შემოვიდა ქსენია ბოროდინა საქართველოში და დაწყებულია თუ არა გამოძიება. უწყების პასუხს, მიღების შემთხვევაში შემოგთავაზებთ.


საქართველოს კანონის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

შსს ცნობით, 2020 წლიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით საქართველოში შემოსულ მოქალაქეებს შორის მხოლოდ 82 ადამიანს ჰქონდა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის“ წესი დარღვეული. ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.