საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალ შტამზე გამოიკვლიეს სამი ნიმუში, რომელთაგან ორზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, მესამე შემთხვევაში კი ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი დადასტურდა. იმნაძისვე თქმით, ინფიცირებული 50 წელს გადაცილებული პაციენტია, რომელიც თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.
მისი განცხადებით, ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა არა ბრიტანეთში. პაატა იმნაძის განცხადებით, ახალი შტამი არ გამოირჩევა ახალი კორონავირუსისგან სიმძიმის ან ლეტალობის მაჩვენებლით, თუმცა არსებული შტამისგან განასხვავებს მაღალი გადამდებობა, ამიტომ, როგორც იმნაძე ამბობს, უსაფრთხოების ზომების დაცვას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალი შტამის დადასტურების შესახებ განცხადება გაავრცელა დაავადების კონტროლის ეროვნულმა ცენტრმაც.
„დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში დამთავრდა მოძიებული ნიმუშების გენეტიკური ანალიზი კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამის ქვეყანაში არსებობის დასადგენად.
სულ კვლევაში იყო 3 საეჭვო შემთხვევა. 2 შემთხვევაში ამ შტამის არსებობა არ დადგინდა. ხოლო ერთ, დეკემბრის თვეში აღებულ ნიმუშში, დადასტურდა ახალი „ბრიტანული“ შტამის S გენისათვის დამახასიათებელი მუტაცია.
პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. მისი კონტაქტები დადგენილია. მოძიებულია ერთერთი კონტაქტის დადებითი ნიმუში, რომელიც საქართველოში შემოვიდა სხვა ქვეყნიდან და უკვე დაბრუნდა იმავე ქვეყანაში.
ტარდება მისი ნიმუშის სექვენირებაც. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.