საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა – გამყრელიძე

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირამ გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა.

„გვაქვს დადებითი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. წყაროს წარმოადგენს იტალია. არის ისტორია მოგზაურობისა ჩრდილო იტალიაში, არის საქართველოს მოქალაქე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქე იტალიიდან ქუთაისის აეროპორტში ჩამოფრინდა. გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ პირს საქართველოში შემოსვლის დროს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნებოდა, მხოლოდ მეორე დღეს გამოუვლინდა დამახასიათებელი ნიშნები, რის შემდეგაც თავისი სურვილით მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მოქალაქე მიმართვისთანავე მოთავსდა საავადმყოფოში და ჩაუტარდა გამოკვლევა.

ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს იმ ადამიანების ძიება, ვისთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის  გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.