დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.
ეს შემთხვევა მოგზაურობის ისტორიით დაკავშირებულია იტალიასთან. ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც კვირას შემოვიდა საქართველოში.
„თითქოს სიმპტომების გარეშე იყო, მაგრამ შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა და გუშინ დილით თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს, გვიან ღამით ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსი“, – ამბობს გამყრელიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. ოთხივე პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. ორი მათგანის ისტორია ირანში, ორის კი იტალიაში მოგზაურობას უკავშირდება.
„ამ ოთხიდან სამის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაავადების პროგრესირება არ აღინიშნება, რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, ეს კლინიკურად უფრო საყურადღებოა და შესაბამისი კვლევა, მკურნალობა და დაკვირვება მიმდინარეობს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, გუშინვე შესაბამისი სამსახურები ჩაერთვნენ ეპიდკვლევაში, ანუ დაიწყო ინფიცირებულთან კონტაქტების შესწავლა. ამ დროისთვის დაახლოებით 20 კონტაქტია მოძიებული. მათგან 15 თვითმფრინავის მგზავრია და „მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“.
ბოლო მონაცემებით, კარანტინში 162 ადამიანია მოთავსებული. 31, როგორც პაციენტი, სამედიცინო დაწესებულებებში იმყოფება. აქედან 23 – თბილისის, დანარჩენები ქუთაისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალ დაფიქსირდა.