საქართველოში კორონავირუსით დაავადების მესამე შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლო შემთხვევა 93. ეს ნიშნავს, ადამიანებს, რომლებიც იყვნენ კვლევისა და დაკვირვების ქვეშ. ყველა მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. იმიტომ რომ დადასტურებულ შემთხვევად, სადაც არის სიმპტომები და დასტურდება შემდეგ ლაბორატორიულად კორონავირუსის არსებობა ორგანიზმში. დღეს დილას დაემატა მესამე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსდა. ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ირანში მოგზაურობის ისტორია და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან“,- თქვა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირი ირანიდან სახმელეთო გზით, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში. იგი რამდენიმე დღით გაჩერდა აზერბაიჯანშიც.
გამყრელის თქმით, პირს, რომელსაც გუშინ დილით დაუდგინდა ვირუსი, მას ჰქონდა მრავალხმრივი კონტაქტები, მათ შორის ოჯახის წევრებთან.
„შვილი წევს იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ გამოკვლეული იქნა შვილი, ღამის 1-2 საათზე. შვილი თავისუფალია, მას არ აქვს არავითარი კორონავირუსული ინფექცია, ანუ პასუხი იყო ნეგატიური. დიდი ალბათობით ის ტემპერატურა, რაც ბავშვს აქვს, გამოწვეულია სხვა რესპირაციული ვირუსით“, – თქვა გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.