საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია 310 332 ადამიანი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია 310 332 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანას ემუქრება რთული ეპიდსიტუაცია და ქვეყანა შესაძლოა შევიდეს მეოთხე ტალღაში.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე სამი რეკომენდაციით წარდგა, რაც გულისხმობს ვაქცინაციის მეტ ინტენსიფიცირებას, ტესტირების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და არსებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების სრულად დაცვას.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ვაქცინაა და  ვაქცინის ხარჯვის დეფიციტი არ არის.

„საკმარისი რაოდენობით ვაქცინებია ქვეყანაში. დევს ნახევარი მილიონი „სინოფარმი“, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, რამდენიმე დღეში შემოვა კიდევ „სინოვაკის“ დოზები. პარასკევს შემოვიდა 43 ათასი „ასტრაზენეკა“, რომელიც „კოვაქსით“ უნდა შემოსულიყო ივნისში. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ პირველი დოზით ვინც იყო „ასტრაზენეკათი“ აცრილი, ახლა შეუძლიათ აცრა, მე-4 კვირის შემდეგ. საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ უკეთესი იმუნიტეტი ყალიბდება 8-12 კვირის პერიოდში ვაქცინაციისას. „ასტრაზენეკა“ კიდევ შემოვა ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.