საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის მქონე კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 2 პაციენტი აჭარაში მკურნალობდა.

პირველი –  65 წლის მამაკაცი იყო, მკურნალობდა ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში”. ის კლინიკაში 22 სექტემბერს შეიყვანეს, ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), ორმხრივი ჰიდროთორაქსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მეორე პაციენტი იყო 70 წლის მამაკაცი, ისიც ბათუმის „რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში” მკურნალობდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – აცხადებენ სამინისტროში.

მესამე გარდაცვლილი კი თბილისში მკურნალობდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, თბილისში გარდაიცვალა 57 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები და განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.


განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 2054;
  • გარდაიცვალა – 31;
  • კარანტინის რეჟიმში – 5637;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 800;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.