საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 33 გახდა.
55 წლის ქალი, 26 სექტემბრიდან მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID-19, ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. მათივე თქმით, პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი.
აჭარის ჯანდაცვის ცნობით, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს, 01:30 საათზე.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5 866;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 2 324;
- მათ შორის გარდაცვლილი – 33;
- კარანტინის რეჟიმში – 5 637;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.