თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტს, რომელსაც პირველად დაუდასტურა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა უაყოფითი პასუხი აჩვენა. მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს, განმეორებითმა ანალიზმაც უარყოფითი პასუხი უნდა აჩვენოს.
„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება [პირველი ტესტირების შედეგი იყო დადებითი] და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ, წესის მიხედვით, აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“,- ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისი თქმით, კიდევ განმეორებული ანალიზის პასუხი 15 მარტს იქნება ცნობილი.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამჟამად საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა, კარანტინის რეჟიმში კი 314 პაციენტი იმყოფება.