საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
„პუბლიკას“ ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, რომ 25-ე შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან და ის შემხებლობაში იმყოფებოდა ინფიცირებული პირთან, რომელიც უკვე გამოვლენილია და მკურნალობას გადის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 124 518 შემთხვევაა დადასტურებული, COVID 19-ით გარდაიცვალა 4 607 ადამიანი.
დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა.
„არავის ვაშინებ, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მზად უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის, კერძო სექტორი” – თქვა დაავადების კონტროლის ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.