აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე და პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის სახელობის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი, მაიკლ კარპენტერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.
კარპენტერი წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირთან ერთად უნდა იმუშაოს ქართველ პოლიტიკოსებს შორის დიალოგის მხარდასაჭერად.
„აშშ და ევროკავშირი ერთად უნდა მუშაობდნენ საქართველოში, ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის დიალოგის მხარდასაჭერად, რომ არსებული დაძაბულობის დეესკალაცია მოხდეს“, – წერს კარპენტერი Twitter-ზე.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაღრმავდა. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არაერთი ევროპელი და ამერიკელი დიპლომატი გამოეხმაურა.
კრიზისის დასაძლევად ხელისუფლებასა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც შეხვდა. მიშელის მედიაციით ოპოზიციასა და პრემიერ-მინისტრს შორის დიალოგის გასაგრძელებლად შეხვედრაც შედგა.
საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას ამერიკელი კონგრესმენები და სენატორებიც გამოეხმაურნენ, თუმცა ამერიკელი დიპლომატებისა და პოლიტიკის სპეციალისტების ნაწილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერიოს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში.