საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა - TI

პუბლიკა

9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ  „საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა”.

სამწუხაროა, რომ კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებასთან ერთად ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა და კლეპტოკრატიაზე.

წელს საქართველო ევროპული საბჭოსგან ელოდება გადაწყვეტილებას წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოში ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბარია როგორც 2022 წლის ივნისში სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტში, ისე 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ რეკომენდაციებში.

ევროკომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად”.

– ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.