საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან – ნიკოლ ფაშინიანი

პუბლიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთაველის თეატრში დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჯავახეთის მკვიდრის, სტუდენტ ერიკ კარაპეტიანის შეკითხვას, საქართველოში მცხოვრები სომხების სამშობლოში, სომხეთში, დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ, ფაშიანიანმა უპასუხა, რომ საქართველოში მცხოვრები სომხებისთვის საქართველო სამშობლოა და მათთვის საამაყო უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეობა.

„როდესაც მე ვხვდები ხოლმე, მაგალითად, გერმანიაში მცხოვრებ სომხებს და როცა მეკითხებიან სომხეთში დაბრუნებაზე, ეს ჩემთვის გასაგები თემაა, მაგრამ თბილისში, საქართველოში მცხოვრები სომხების მხრიდან მსგავსი შეკითხვა რაღაც შეკითხვებს მიჩენს, რადგან მივიჩნევ, რომ თბილისში მცხოვრები სომხები სამშობლოში ცხოვრობენ. საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა უნდა იამაყონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ [სომხებმა] როგორც ხალხმა, მიზანმიმართულად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ საქართველო იყოს ძლიერი, განვითარებული, სტაბილური და ძლევამოსილი და საქართველომაც მიზანმიმართულად უნდა იმოქმედოს, რომ სომხეთი იყოს ძლიერი, განვითარებული და სტაბილური სახელმწიფო,“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

დიასპორის წარმომადგენლებთან ფაშინიანის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს და თარგმანს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.