„დემოკრატიების ალიანსის ფონდის” ყოველწლიური ანგარიშის, „დემოკრატიის აღქმის ინდექსის” 2025 წლის შედეგების თანახმად, საქართველო მსოფლიოს 5 ქვეყანას შორისაა, რომლის მოსახლებისთვისაც დემოკრატია უმნიშვნელოვანესია.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86% ფიქრობს, რომ დემოკრატია განსაკუთრებულად ან ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველოსთან ერთად ამ საკითხზე მაღალი მაჩვენებლით არის საბერძნეთი, თურქეთი, ურუგვაი და უნგრეთი.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობისთვის დემოკრატიის მთავარი მიზანი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და კეთილდღეობაა.
„დემოკრატიის აღქმის ინდექსის” უახლესი ანგარიშით ასევე იკვეთება, რომ საქართველოს მოსახლეობას ეშინია უცხო ქვეყნის მხრიდან თავდასხმით.
ამ კითხვაზე პასუხით საქართველო მსოფლიოს სამეულშია უკრაინასა და ფილიპინებთან ერთად.
უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო თავდასხმაზე ყველაზე ნაკლებად შფოთავენ აშშ-ში, ნორვეგიასა და შვედეთში.
კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობამ, ისევე, როგორც უკრაინაში, პოლონეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, შვედეთში, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ადამიანებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვის ხარჯების გაზრდას, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება მათი გადასახადები გაზარდოს.