საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.75 მილიონი აბონენტი იყენებს - ComCom

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, მობილური ინტერნეტით 3.75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარი მილიონით (494 ათასით) მეტია.

ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მობილური ინტერნეტის ყველაზე მეტი, 1.35 მლნ აბონენტი „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.34 მლნ – „მაგთიკომს“, 1.06 მლნ აბონენტი კი „ბილაინის“ მობილურ ინტერნეტს იყენებდა.

კომისიის ცნობით, 2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტმოხმარების 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტტრაფიკის რაოდენობა. 2021 წელს 3G-ის მოხმარებამ 9%, ხოლო 2G-ს – 0.1% შეადგინა.

4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ბილაინს“ აქვს 92.5%, „მაგთიკომს“ – 92.3%, ხოლო „სილქნეტს“ – 87.7%.

ასევე, კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1,009,000  შეადგინა, საიდანაც 962 ათასი ფიზიკური პირი აბონენტია.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა. 2021 წელს გასულ წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება.