რელიგიური უმცირესობებისათვის საქართველოში რელიგიური ნიშნით დევნა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და სისტემური პრობლემაა. თუკი წლების განმავლობაში დისკრიმინაციას და დევნას ძირითადად იეჰოვას მოწმეები განიცდიდნენ, ბოლო წლებში ეს პრობლემა შეეხო მუსლიმი თემის წარმომადგენლებსაც, – ამის შესახებ საუბარია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” ანგარიშში – „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება საქართველოში”.
გთავაზობთ ანგარიშის ძირითადი მიგნებების ნაწილს:
► 2012-დან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობის და უფლებების დარღვევის რვა მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა. აქედან შვიდ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია, ზოგ საქმეზე კი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. მუსლიმების წინააღმდეგ მართლმადიდებელი ქრისტიანების და/ან ხელისუფლების დაპირისპირების ძირითად მიზეზად იქცა ლოცვა, საკულტო ნაგებობის, რელიგიური სასწავლებლის ფუნქციონირება თუ სხვა ფორმით რელიგიური იდენტობის საჯარო სივრცეში გამოხატვა;
► მიუხედავად მუსლიმების წინააღმდეგ არსებული სისტემური ძალადობის აშკარა გამოვლინებებისა, სახელმწიფო არ აღიარებს პრობლემის სიმწვავესა და მასშტაბურობას. მისი კონკრეტული ქმედებები ხშირ შემთხვევაში გათვლილია არა კონფლიქტის სიღრმისეულ გააზრებაზე, შესაბამის რეაგირებასა და პრევენციაზე, არამედ ორიენტირებულია მხოლოდ მათ ზედაპირულ მოგვარებაზე.
► მუსლიმები მრავალი წელია ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის საჭიროებაზე საუბრობენ. ქალაქში არსებული ერთადერთი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს და მათ ხშირად გარეთ, ქუჩაში უწევთ რელიგიური რიტუალების აღსრულება. „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ საკუთარი სახსრებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა და მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა. 2017 წლის 5 მაისს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს უარი უთხრა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე.
2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის მხრიდან მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მერიის მიდგომა ორი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწოროა, რადგან იგივე საცხოვრებელ ზონაში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, მათ შორის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. სასამართლომ ასევე ბათილად ცნო ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის მერიას დაუბრუნა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, პირდაპირ დავალებოდა ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემა.
► 2016-2017 წლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამოვლინდა მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციისა და უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადეკვატური შეფასება არ მოჰყოლია. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ინსპექტირების დასკვნით, ფაქტობრივად, გაამართლა სკოლის ადმინისტრაციის მიერ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის (ჰიჯაბი) ტარების აკრძალვის მცდელობა.
► რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქე მუსლიმები, ხშირად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემას სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, მათ შორის, რელიგიური ლიტერატურის შემოტანისას. ასევე, სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებისას მათ სახელმწიფო საზღვარზე არაგონივრული ვადით აყოვნებენ. ზოგ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ეჭვის საფუძველზე ათვალიერებენ მათ ბარგს. 2017 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა მუსლიმების მიმართ საზღვრის კვეთისას, საბაჟო–გამშვებ პუნქტებზე პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა.
ანგარიშში ასევე საუბარია იეჰოვას მოწმეების მდგომარეობაზე საქართველოში:
► იეჰოვას მოწმეების უფლებების დარღვევის, დევნისა და ძალადობის ფაქტების რაოდენობა და მათზე სახელმწიფოს რეაგირება ნათლად წარმოაჩენს საქართველოში რელიგიის თავისუფლების სფეროში არსებულ ვითარებას. სხვა მიზეზებს შორის, სახელმწიფოს არაეფექტიანი პოლიტიკის, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და იეჰოვას მოწმეთა აქტიური რელიგიური საქმიანობის გამო, ამ რელიგიური გაერთიანების წევრები ხშირად ხდებიან სიძულვილით მოტივირებული სამართალდარღვევების მსხვერპლნი;
► იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევებს შორის ხშირია ფიზიკური ძალადობა, რელიგიური რიტუალების შესრულებისათვის ხელის შეშლა, საკულტო ნაგებობების, ქონებისა და რელიგიური ლიტერატურის დაზიანება. ხშირად გამოძიება საერთოდ არ იწყება, დაწყების შემთხვევაში კი, ჭიანურდება არაგონივრული ვადით;