საქართველოში ოფიციალური ვიზიტით UK-ის შეიარაღებული ძალების მინისტრი იმყოფებოდა

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ პარტნიორობაზე თავდაცვის სფეროში.

„აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ დონეზე გადაიყვანა. საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას, რათა თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს”, – განაცხადეს ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარკ კლეიტონიც ესწრებოდა.