Unicef მთავრობასა და ბიზნეს-სექტორს მოუწოდებს ოჯახის მხარდამჭერ მომსახურებებსა და მშობლობის პროგრამებში მეტი ინვესტიციისაკენ, რომ ქვეყანაში არსებობდეს მშობლების საჭიროებებზე მორგებული, ყოვლისმომცველი პროგრამები, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ოჯახებისთვის.
როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებები მნიშვნელოვანია ოჯახთან მუშაობის ნებისმიერ სტადიაზე.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი ხაზს უსვამს როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების მნიშვნელობას. ოჯახის მხარდამჭერი ძლიერი სერვისები საჭიროა იმისთვის, რომ ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნას ოჯახური გარემო და თავიდან იქნას აცილებული ოჯახისგან განცალკევება. ხარისხიანი სოციალური მომსახურების უზრუნველყოფაში წამყვანი როლი უჭირავთ სოციალური უზრუნველყოფის ცენტრალური და მუნიციპალური დონეების თანამშრომლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Unicef-ის წარმომადგენელის ღასან ხალილის განცხადებით, პანდემიამ და მისმა მისმა სოციო-ეკონომიკურმა შედეგებმა მშობლებისთვის სტრესის ახალი ფაქტორები გააჩინა და კიდევ უფრო გაამძაფრა ოჯახებში აქამდე არსებული არაკეთილსაიმედო ვითარება.
„შევაბიჯეთ რა პანდემიის მეორე წელიწადში, მშობლებსა და მზრუნველებს კვლავ უჭირთ ბავშვების ჩართვა სასწავლო პროცესში და თავიანთი ოჯახების ფუნქციურობის შენარჩუნება, ხშირ შემთხვევაში გაზრდილი სიღატაკის პირობებშიც. ახლა კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გვჭირდება იმის ხელახლა გააზრება, თუ როგორ დავეხმაროთ ოჯახებსა და მშობლებს, ჰქონდეთ საჭირო დრო, რესურსები და სერვისები ბავშვებისათვის პოზიტიური ბიძგის მისაცემად. ევროკაკავშირთან პარტნიორობით მშობლებსა და ბავშვებს დავეხმარებით პოზიტიური მშობლობისა და ოჯახისათვის საჭირო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ღასან ხალილმა.