საქართველოში „ომიკრონის“ შტამის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. თუმცა, სავარაუდოდ მისი რაოდენობა უფრო მეტია. გამყრელიძის თქმით, „ომიკრონმა“ ქვეყანაში ცირკულირება დაიწყო.

„ამ ეტაპისთვის დაემატა [ომიკრონის] კიდევ 5 შემთხვევა, რომელიც დადასტურდა ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში, ანუ სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია დღეისთვის 29 შემთხვევა.

მაგრამ, ალბათ გაცილებით მეტია, რადგან იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც აქვს ყველა ლაბორატორიას, ჩვენ მიერ 30 ნოემბერს დაგზავნილი, სად შეიძლება მიიტანონ ეჭვი, ეს ეჭვები უფრო გახშირდა ბოლო დღეების განმავლობაში.

მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული ინდიკატორები, სადაც შეიძლება, დაშვებული იყოს, რომ იყოს ომიკრონი და ხდება მისი გადამოწმება შემდეგ ლუგარის ცენტრში, ამ შემთხვევების დაახლოებით 50 პროცენტში დასტურდება, რომ არის „ომიკრონის“ შტამი. ფაქტობრივად მან ქვეყანაში ცირკულაცია დაიწყო. როგორც ვპროგნოზირებდით, ჩვენ არ ვართ გამონაკლისი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.