„საქართველოში პენსია ერთი ადამიანის მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს“ — კვლევა

პუბლიკა

Euronews-მა გამოაქვეყნა HR კომპანია Moorepay-ს კვლევა, რომელიც ეხება იმას, არის თუ არა სახელმწიფო პენსია საკმარისი ცხოვრების ხარჯების დასაფარად ევროპის ქვეყნებში.

ირკვევა, რომ ევროპის 39 ქვეყნიდან 20-ში პენსია ვერ ფარავს აუცილებელ ხარჯებს, საქართველო კი ამ სიის ბოლოშია – საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ევროპულ ქვეყნებს შორის – აქ პენსია აუცილებელი მინიმალური ხარჯების მხოლოდ 22%-ს მოიცავს.

კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა, ის ეხება კვებას, ტრანსპორტს, კომუნალურ გადასახადებს და ყოველდღიურ საჭიროებებს.

მონაცემები ასახავს ერთი ადამიანის ცხოვრების ხარჯებსა და ერთ პენსიას 2025 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის. Moorepay-მ შეაგროვა მონაცემები საშუალო პენსიების შესახებ, ხოლო ცხოვრების ხარჯების შესახებ ინფორმაცია Numbeo-ს ეყრდნობა და წარმოადგენს ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.

Moorepay-ის კვლევის თანახმად, საუკეთესო მდგომარეობა ლუქსემბურგშია, სადაც ყოველთვიური პენსია დაახლოებით 2300 ევროა, რაც აუცილებელ საცხოვრებელ ხარჯებს 225%-ით აღემატება.

სად არის საუკეთესო მდგომარეობა? 

სიაში მოცემულია, თუ რამდენი პროცენტით აღემატება პენსია მინიმალურ ხარჯებს:

  • ლუქსემბურგი – 225%
  • იტალია – 210%
  • ფინეთი – 208%
  • ესპანეთი – 199%
  • დანია – 189%
  • ისლანდია – 179%
  • ნორვეგია – 178%
  • გერმანია – 176%
  • ბელგია – 170%
  • ავსტრია – 165%
  • საფრანგეთი – 160%
  • ნიდერლანდები – 159%
  • შვედეთი – 158%
  • შვეიცარია – 131%
  • ირლანდია – 126%
  • დიდი ბრიტანეთი (UK) – 120%
  • პოლონეთი – 112%
  • ჩეხეთი – 108%
  • საბერძნეთი – 103%

მძიმე მდგომარეობა აღმოსვლეთ ევროპაშია – მკაფიოა განსხვავება ჩრდილოეთ-დასავლეთ ევროპასთან.

ამ ქვეყნებში პენსია მინიმალური ხარჯებს ფარავს მხოლოდ ნაწილობრივ, შემდეგი პროცენტულობით:

  • სლოვენია – 95%
  • სლოვაკეთი – 94%
  • ესტონეთი – 91%
  • პორტუგალია – 90%
  • მონტენეგრო – 89%
  • ლიეტუვა – 85%
  • ხორვატია – 82%
  • უნგრეთი – 81%
  • ბულგარეთი – 78%
  • რუმინეთი – 73%
  • სერბეთი – 68%
  • ლატვია – 65%
  • თურქეთი – 64%
  • ჩრდილოეთ მაკედონია – 61%
  • კვიპროსი – 58%
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა – 53%
  • მოლდოვა – 42%
  • უკრაინა – 29%
  • ალბანეთი – 29%
  • საქართველო – 22%