საქართველოში პირბადეების წარმოება ხვალ დაიწყება და პირველ პარტიას სახელმწიფო იყიდის - თურნავა

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში პირბადეების წარმოება იწყება და პირველ პარტიას კომპანია „აჭარა ტექსტილი“ ხვალ გამოუშვებს.

„ხვალ მე პირადად ჩავალ ფოთში, რომ ჩემი თვალით ვნახო პირბადეების პირველი პარტია. 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული ამ პროგრამაში, ასევე, კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელსაც აუცილებელი ნედლეული შემოაქვს.

ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები დავამზადოთ და პირველ რაოდენობას პირბადეებისას სახელმწიფო შეიძენს, რომ შექმნას მარაგი და გადავანაწილოთ იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება“, – განაცხადა თურნავამ დღეს ბრიფინგზე.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე, რომლის დამზადებიას და მოხმარების ინსტრუქციაც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

თურნავამ მადლობა გადაუხადა პირბადეების დამზადებაში მონაწილე კომპანიებს, რადგან, მისი თქმით, პროგრამაში ისინი მოხალისეობრივ წვლილსაც შეიტანენ და პირბადეების გარკვეულ რაოდენობას სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემენ.