საქართველოში პირბადის მოხმარება დაახლოებით 60-64%-ია. მოწოდებაა, რომ ავიდეთ 95%-მდე - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ნიღბის მოხმარება საქართველოს მოსახლეობაში დაახლოებით 60-64 %-ია.

„საქართველოში დღეს, ჩვენ გვაქვს პირბადის მოხმარება დაახლოებით 60-64%. მოწოდებაა, რომ ეს უნდა ავიდეს 95 %-მდე. ჩვენ ეს თუ გვექნება, შესამჩნევად შევამცირებთ ახლადინფიცირებულთა რაოდენობას და შესაბამისად, სხვა ინდიკატორებს ქვეყანაში”, – აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, თუ ევროპაში ნიღბის მოხმარება მოსახლეობის 95%-იან მაჩვენებლს მიაღწევს, იანვრის ბოლოსთვის ევროპაში შესაძლებელი იქნება 218 ათასი სიცოცხლის შენარჩუნება. გამყრელიძის თქმით, ევროპას აძლევენ რეკომენდაციებს, რომ მიბაძოს სინგაპურს, სადაც პირბადის მოხმარება სავალდებულოა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ აპირებს საკოორდინაციო საბჭო, მიიღოს სავალდებულო პირბადის ტარების გადაწყვეტილება, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არ გამორიცხავს.

„არ გამოვრიცხავ. იმიტომაც მოგიყვანეთ მაგალითი, რომ 95-%-იანი ტარება, შესრულება და აღსრულება თუ გვექნა ამ პროცესის, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ სერიოზულად შევამცირებთ ინფიცირებას. მაგრამ, შოლტი არაფერს არ იზამს, თუ ჩვენი თვითშეგნება არ ავიდა აქამდე. მსიამოვნებს, როცა ვუყურებ, რომ პირბადის ტარების კულტურა მეტი და მეტია. მაგრამ მეტი გვჭირდება. 60%-დან რომ ავიდეთ 95 %-მდე, ვნახავთ, რომ ჩვენ სერიოზულად შევამცირებთ ახალდაინფიცირებულების რიცხვს“, – ამბობს გამყრელიძე.