საქართველოში პოლიტიკური მოთამაშეები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ – ეუთოს ასამბლეა

პუბლიკა

„აუცილებელია პოლიტიკური ჩიხის დაძლევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ნების პატივისცემა“, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

საქართველოში ოპოზიციის მოთხოვნას განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ლიდერები ეხმაურებიან.

„კოვიდ-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, 31 ოქტომბერს საქართველოს ორ მილიონამდე მოქალაქე მივიდა საარჩევნო უბნებზე, თავიანთი ხმის დასაფიქსირებლად. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მეტყველებდა ამ არჩევნების მნიშვნელობასა და ყველა ქართველის ძლიერ დემოკრატიულ ვალდებულებაზე“, – განაცხადა ეუთო-ს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, ელონა ჯებრეა ჰოჯამ.

ელონა ჯებრეა ჰოჯამ ყურადღება გაამახვილა საჩივრების განხილვის ინკლუზიური პროცესის მნიშვნელობაზე.

„ასეთი პროცესი მნიშვნელოვანია ბოლო წლებში განვითარებული საარჩევნო მოვლენებისადმი ქართველი ამომრჩევლების ნდობის შესანარჩუნებლად. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულებულია, ყველა არჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აიღოს თავისი მანდატი, შევიდეს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა ინსტიტუტების ფარგლებში“, – განაცხადა ჰოჯამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფინელმა პარლამენტარმა, პია კაუმამ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს არჩევნები იყო კონკურენტული და დაცული იყო ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები.

„დამკვირვებლების დასკვნით, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით წარმოებული ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები გაატარა დემოკრატიის განვითარებისთვის, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის, საპარლამენტო მმართველობის მოდელის გაუმჯობესებისა და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაწყების გზით“, – აღნიშნა პია კაუმამ.

კაუმა ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, გადალახონ ამჟამინდელი პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ სტაბილური პოლიტიკური გარემოსთვის.

„მხარეებმა, რომლებიც პოლიტიკურ ჩიხში აღმოჩნდნენ, უნდა იპოვონ გამოსავალი. მართალია, ამ ამოცანის სირთულე აშკარაა, მაგრამ პოზიტიური შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ამერიკელმა კონგრესმენმა, რიჩარდ ჰადსონმა.

ჰადსონმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია, კვლავ ჰქონდეს პარტნიორების მხარდაჭერის იმედი. მათ შორის მათიც, ვინც ადგილზე შესანიშნავად მუშაობს და ცდილობს მხარეების დახმარებას, შეთანხმების მისაღწევად, თუმცა საბოლოოდ შექმნილი ვითარების გადაწყვეტა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღდგენა თავად ქართველებზეა დამოკიდებული.