საქართველოში პოლიტიკური ვითარების განსამუხტავად ლიეტუვა მედიაციისთვის მზაობას გამოთქვამს

პუბლიკა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედა განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიეტუვა მზადაა მედიაციისთვის ყველა მხარეს შორის დიალოგისა და კონსენსუსის მოსაძიებლად, ვინაიდან საქართველო მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკური გზას და დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გადალახვას.

„ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ახლად დაარსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა წითელმა არმიამ დაიპყრო, რითაც შეაჩერა ქართველი ხალხის ამბიციური გადაწყვეტილება და სამართლიანი სურვილი, გამხდარიყვნენ საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. მოვლენების სამწუხარო განვითარებით, საქართველო გახდა საბჭოთა იმპერიის ნაწილი, მისი ნების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.

გიტანას ნაუსედას განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რეპრესიებისა და იძულებითი ასიმილაციის სტანდარტულმა საბჭოთა პრაქტიკამ გამოიწვია პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის განადგურება რასაც მოჰყვა ხანგრძლივი ათწლეულების განმავლობაში ოკუპაცია, რომელიც სავსე იყო ტკივილით, ტანჯვითა და ძალისმიერი ქმედებებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

„მიუხედავად ამ ტერორისა, ხალხმა შეინარჩუნა თავისუფლების სულისკვეთება, ზოგჯერ ფარულად ან იატაკქვეშეთში, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც მტკიცედ დაცული და სანუკვარი. ოკუპაციიდან შვიდი ათწლეულის შემდეგ, საქართველომ ამ სულისკვეთების აღორძინება შეძლო, რის შედეგადაც აღდგა დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა — ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოიპოვა შესაძლებლობა, გამხდარიყო საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ლიეტუვას ესმის ოკუპაციისა და რეპრესიების მიერ მოტანილი უზარმაზარი ტკივილი, თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობა და სრულ თანაგრძნობას უცხადებს ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებამ გამოიწვია დიდი შეშფოთება. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოძიება შესაძლებელია მხოლოდ მხარეებს შორის რეალური დიალოგის საშუალებით. საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური მიზნები მოითხოვს ფართო პოლიტიკურ ერთიანობას და შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის კონსტრუქციულ და უწყვეტ დიალოგს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვა ამბობს, რომ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად მის გადაწყვეტილებაში, შეეწინააღმდეგოს რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციას, რომელიც დღესაც გრძელდება.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე, როგორც მის მისწრაფებებს, გახდეს ტრანსატლანტიკური ოჯახის წევრი“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.