საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირდა

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეს რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8% გახდა. რეფინანსირების განაკვეთი 2020 წლის დასაწყისში 9% იყო და შემცირება მაისიდან დაიწყო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება განაგრძო და 5.7% შეადგინა, ფასები კი 0.5%-ით შემცირდა. ინფლაციის შემცირების დინამიკას სუსტი მოთხოვნა უზრუნველყოფს. ეროვნული ბანკის პროგნოზით წელს 2020 წელს ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირებაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციის პროგნოზზეც შემცირების მიმართულებით მოქმედებს.

„ზრდის პროგნოზის გადახედვა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდ მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება, ვიდრე ეს პანდემიის საწყის ეტაპზე იკვეთებოდა.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია ინფლაციის მოლოდინის კუთხით არსებული რისკები, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას ახლავს. ამის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას ნელი ტემპით აგრძელებს და ამ ეტაპზე განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს“, – წერს ეროვნული ბანკი.