ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძალის ნიშანია, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა აეროპორტში.
როგორც დანიელსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამჯერად ის საქართველოში სამი დღით არის ჩამოსული.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მოუთმენლად ველოდები, ჩავერთო პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პროცესში, ოპოზიციურ და სამთავრობო პარტიებთან, დავეხმარო მათ, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად.
ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი. კომპრომისი ძალის ნიშანია. კომპრომისი არის იმის ჩვენება, რომ საქართველოში დემოკრატია მუშაობს და კომპრომისი არის ევროპული გზა. მე აქ სამი დღის განმავლობაში დავრჩები და მოუთმენლად ველოდები, ისევ მოგმართოთ თქვენ ჩემი მისიის დასასრულს, რაც სამშაბათს მოხდება“, – განაცხადა დანიელსონმა.