საქართველოში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლას ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს

პუბლიკა

„საქართველოს ნავსადგურებში დღემდე სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილე ამბობს,  რომ არასწორი ფაქტების გავრცელება საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ე.წ. „სანქცირებული“ გემების შემოსვლაზე აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

„სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი, გემი ATACAMA  ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ შემოწმებულია სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი), რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან.

გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს, საღუზე წერტილში მცურავი საშუალების გამოყენებით.

„რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.