საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს - „იუნისეფის“ ანგარიში

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდის და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ახალი ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15%-ს სახლში ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

როგორც „იუნისეფი“ წერს, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლების დახურვა დაახლოებით 661 500 ბავშვს შეეხო და ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტზე წვდომა, შესაძლოა განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩნენ.

„ინტერნეტზე წვდომის არარსებობა ხელს უშლის ბავშვებს და ახალგაზრდებს იყვნენ კონკურენტუნარიანები თანამედროვე ეკონომიკაში. ისინი იზოლირებულნი არიან დანარჩენი სამყაროსგან. ხოლო სკოლების დახურვის შემთხვევაში, რაც ახლა ხდება COVID-19–ის გამო, ინტერნეტის არქონა ბავშვებს განათლებაზე ხელმისწავდომობას უზღუდავს“, – თქვა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

ანგარიშის თანახმად, წერს „იუნისეფი“, ციფრული უთანასწორობა კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნებსა და თემებს შორის არსებულ უთანასწორობას. შესაბამისად, ყველაზე ხელმოკლე ოჯახებში, სოფლად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები და ახალგაზრდები კიდევ უფრო ჩამორჩებიან საკუთარ თანატოლებს.

ანგარიშში – „რამდენ ბავშვს და ახალგაზრდას აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა?“ გამოკვლეულია ბავშვებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტზე წვდომა. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სასკოლო ასაკის ბავშვების ორ მესამედს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა. ეს მაჩვენებელი ანალოგიურია 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშიც, რომელთა 63%-ს, არ აქვს სახლში ინტერნეტკავშირი.

„მსოფლიო მონაცემების მიხედვით, ყველაზე შეძლებულ ოჯახებში სასკოლო ასაკის ბავშვების 58%-ს აქვს სახლში ინტერნეტკავშირი, ეს მაჩვენებელი უღარიბესი ოჯახების ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 16%-ს შეადგენს“, – წერს „იუნისეფი“.