უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა პანდემიის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მაგალითიც არის მიმოხილული.
ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია საქართველოში სხვადასხვა კონფესიასთან მიმართებით დაწესებული გარკვეული შეზღუდვების დისკრიმინაციულ ხასიათზე.
„21 მარტს საქართველომ დააწესა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომები, რომლებიც იყო აუცილებელი, პროპორციული და მოტივირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმური მიზნებით.
თუმცა გამოითქვა შეშფოთება, რომ „კოვიდ-19-ის“ საწინააღმდეგო შეზღუდვების ნაწილი დისკრიმინაციული წესით ამოქმედდა. სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ კანონით არ შეიზღუდა რელიგიური შეკრებების დიდი ნაწილი, რათა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სააღდგომო ლიტურგიის აღსრულების შესაძლებლობა ჰქონოდა. 12-დან 19 აპრილამდე, ბზობისა და აღდგომის აღნიშვნისას რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ ათობით მორწმუნე მიიღო. სხვა ყველა რელიგიურმა ჯგუფმა კი ნებაყოფლობით დახურა საზოგადოებისთვის რელიგიური დაწესებულებები.
15 აპრილს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს ხელმძღვანელმა მირტაგ ასადოვმა განაცხადა, რომ რამადანის დაწყებისას ასევე გახსნიდნენ მეჩეთებს იმ მოლოდინით, რომ საქართველოს ხელისუფლებას იგივე მიდგომა ექნებოდა მათ მიმართ, როგორიც მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ჰქონდა. ამ განცხადებიდან ორი დღის შემდეგ, მირტაგ ასადოვი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, სახელმწიფო საბოტაჟის მცდელობასთან დაკავშირებით“, – წერია ორგანიზაციის ანგარიშში.