აშშ-ის საელჩოს განცხადებით, საქართველოში ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროს მრჩეველი) ჯონათან ასკონასი. საელჩოს განცხადებითვე, ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“.
საელჩოს განცხადებითვე, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს „ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.
„მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
8 აგვისტოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა, თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას.
ტრამპმა განაცხადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა პირობა დადეს, რომ „სამუდამოდ“ შეწყვეტდნენ ყველანაირ ბრძოლას, ასევე გახსნიდნენ მოგზაურობის, ბიზნესისა და დიპლომატიური ურთიერთობების გზას. შეთანხმების მიხედვით, შეერთებული შტატები იღებს „ექსკლუზიურ უფლებას“ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე. დერეფანს TRIPP ეწოდება – ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.
პროექტი სომხეთის იურიდიული იურისდიქციის ფარგლებში განხორციელდება, ხოლო შეერთებული შტატები, თავის მხრივ, მიწას იჯარით გადასცემს მშენებლობასა და მართვაზე პასუხისმგებელ კონსორციუმს, განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.