„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შეისწავლა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2022 წელს განხორციელებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში და დაადგინა, რომ:
- ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციაში არასრულ ინფორმაციას უთითებს
- 2022 წელს ბიუროს არც ერთი დეკლარაცია არ გადაუგზავნია პროკურატურისთვის
- შემოწმებული პარლამენტის წევრების 83%-მა დეკლარაცია დარღვევებით შეავსო
- უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების 78%-ში ოჯახის წევრების მონაცემები იყო არასწორად მითითებული
- მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის საფუძველზე შემოწმებულ დეკლარაციათა 95%-ში დარღვევა დადასტურდა
2022 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ 346 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეამოწმა, საიდანაც 181 (52%) დარღვევებით იყო შევსებული. ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა 136 თანამდებობის პირი (39%), ხოლო გაფრთხილება მიიღო 45-მა (13%).
მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა, 52% მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველი მეორე დეკლარაცია არასრული და ხარვეზიანია.
2022 წელს დეკლარაცია დარღვევებით ყველაზე ხშირად საქართველოს პარლამენტის წევრებმა წარადგინეს (83%). 2021 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესებულია, რადგან შარშან დეპუტატთა დეკლარაციების 42% შეფასდა უარყოფითად. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს წინა წელთან შედარებით, 3-ჯერ მეტი დეპუტატის დეკლარაცია შემოწმდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებს ეყრდნობოდა.
სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.