საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა დაუსაქმებელია, მიგრაცია ზრდის გამოწვევებს - მსოფლიო ბანკი

პუბლიკა

საქართველოში ადამიანური კაპიტალის შესახებ მსოფლიო ბანკი ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, სიღარიბე კი შემცირდა. თუმცა არის გამოწვევები, რომლებმაც შეიძლება შეანელოს საქართველოს გზა გრძელვადიანი, საერთო კეთილდღეობისკენ.

ასეთ პრობლემებს შორის, მსოფლიო ბანკი ასახელებს უთანასწორობას, მოსახლეობის დაბერებას და შრომის ბაზარს, რომელიც ისევ სუსტია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.

„მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო ამძაფრებს გამოწვევებს, რომლებიც ისედაც წარმოიქმნება გადაბერებული მოსახლეობის გამო. ქვეყანაში  ხანდაზმულთა მზარდი რაოდენობის მხარდასაჭერად ნაკლები მუშახელი რჩება.

არათანაბრად არის განაწილებული ეკონომიკური ზრდა და კეთილდღეობა, ბევრი ადამიანი და რეგიონი არაპროპორციულად ნაკლებ სარგებელს იღებს მათგან“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე საქართველოში უმუშევრობის დონე ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. ხალხის დიდი ნაწილი კი დაბალშემოსავლიან და არამყარ სამუშაოს ეწევა – სამუშაო ძალის ნახევარი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული.

„მეტიც, მძიმე რჩება შრომის ბაზრის შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდების არაპროპორციულად დიდი რაოდენობა, რომლებსაც მუშაობა სურთ  (15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ყოველი მეოთხე) არ არის დასაქმებული, არ იღებს განათლებას და არ გადის ტრენინგებს. ახალგაზრდების უმუშევრობის დონე 30%-ს აღწევს.

ახალგაზრდობის პერიოდში უმოქმედობასა და უმუშევრობას გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი მოაქვს, რადგან ეს ხელს უშლის ახალგაზრდებს საჭირო გამოცდილების მიღებაში, უგზავნის ნეგატიურ სიგნალებს პოტენციურ დამსაქმებლებს და შესაძლოა, კიდევ უფრო შეუშალოს ხელი მათ სამუშაოს ძიებაში“, – წერს მსოფლიო ბანკი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის დაბერებას ეკონომიკური განვითარების თანამდევ ეფექტებთან ერთად, მიგრაციაც აჩქარებს.

„დაბერებული მოსახლეობის გამოწვევას ამძაფრებს ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები, ძირითადად შრომისუნარიანი ასაკის ადამიანებისთვის: ეს კიდევ უფრო ამცირებს სამუშაო ძალის რაოდენობას.

აქედან გამომდინარე, არსებითი იქნება დარჩენილი მუშახელის უნარებისა და პროდუქტიულობის ამაღლება, რათა ერთი მხრივ, შეძლონ მოხუცების მზარდი რაოდენობის გამკლავება, მეორე მხრივ კი მიგრაციის მართვა“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში მოყვანილია „ჯინის ინდექსიც”, რომელიც ქვეყანაში არსებულ უთანასწორობას აჩვენებს. საქართველო კი ჯინის ინდექსით ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე უთანასწორო ქვეყნებს შორისაა.

როგორც მსოფლიო ბანკი წერს, საქართველოში უთანასწორობა ჩნდება ადრეულ ასაკში და დაკავშირებულია ბევრ მახასიათებელთან, როგორიცაა, ეთნიკური და სქესი, თუმცა ასევე შეინიშნება რეგიონების კუთხითაც – ყველაზე ღარიბ რეგიონებში არა მხოლოდ მეტი გაჭირვებული ადამიანია, არამედ გამოწვევად რჩება ხარისხიანი სერვისების მიწოდებაც.