„შემაშფოთებელია, რომ მთავრობა ასე თავხედურად ესხმის თავს ხალხის ნებას" - ჰელსინკის კომისია

პუბლიკა

ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობა რუსული კანონის შესახებ განცხადებას ავრცელებს – როგორც ჯო უილსონისა და სტივ კოენის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, „დამოუკიდებლობის აღდგენიდან ათწლეულობით ბრძოლის შემდეგ, საქართველოში რუსული გავლენა ბრუნდება”.

„საქართველოს მმართველი პარტია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, მისი უახლოესი მეგობრების რჩევის საპირისპიროდ, კვლავ სამარცხვინოდ წინ სწევს რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონპროექტს.

შემაშფოთებელია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა, ასე თავხედურად ესხმის თავს თავისი ხალხის ნებას და მის ურთიერთობას აშშ-სა და ევროკავშირთან. აშშ საქართველოს ერთგული მეგობარია, რომელიც უწევს უსაფრთხოების კონკრეტულ დახმარებას, პოლიტიკურ მხარდაჭერას და მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას. რუსეთმა კი ამის საპირისპიროდ, მას მხოლოდ უბედურება, ნგრევა და სამხედრო ოკუპაცია მოუტანა.

FARA-სთან ან დასავლეთის უცხოური გავლენის მონიტორინგის სხვა მექანიზმებთან შედარება არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც იმეორებს კრემლის მთავარ არგუმენტებს. აშშ რჩება ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მეგობრად და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პრინციპების მხარდაჭერას. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ამ დესტრუქციულ გზას გადაუხვიოს”, – ნათქვამია განცხადებაში.