„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის – მარია ზახაროვასგან მოვისმინეთ საგანგაშო განცხადება, რომ რუსეთი კონფიდენციალურად მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის „ნეიტრალურ ტერიტორიაზე” გადატანისთვის და ახლა ასეთ „ნეიტრალურ ტერიტორიას“ ეძებს. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ განაცხადოს მონაწილეობს თუ არა ამ „კონფიდენციალურ“ მოლაპარაკებებში და რა არის ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხზე“,- ნათქვამია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული მხარე უკვე თვეებია მალავს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფარგლებსა და ჟენევის ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსს, რაც პერიოდულად ჟღერდება ოკუპანტი რუსეთის ფედერაციის მიერ მართული საინფორმაციო სააგენტოების მიერ და შეიცავს საგანაგაშო ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. საგანგაშოდ მივიჩნევთ, „ოცნების“ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ არსებულ სახიფათო, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამაზიანებელი პოლიტიკის დინამიკას, რაც დაიწყო ივანიშვილის მიერ ოკუპანტებისთვის მოხდილი ბოდიშით, 2008 წლის ომში აგრესორად, ფაქტიურად საქართველოს გამოცხადებითა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით, რომელსაც ქართული მიწის დაცვისთვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისთვის, „ოცნების“ ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და „არგუმენტებით“ ასამართლებს. შეგახსენებთ, რომ ჟენევის ფორმატი 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო ფორმატია, სადაც საქართველოს ეროვნული, სუვერენული ინტერესების დაცვაში თავისი მონაწილეობით ეხმარება ეუთო, გაერო, ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. რუსეთის მიერ ხსენებული ,,ნეიტრალურ გარემო” კი ისეთი გარემოა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისო დასავლური ქოლგა აღარ დაიცავს და ეს ფაქტობრივად, ამ ფორმატის გაუქმებას ნიშნავს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთს ჟენევის მოლაპარაკებების სხვაგან გადატანა სურს.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა, უნდა გადავიდეს თუ არა სამხრეთ კავკასიის შესახებ მოლაპარაკებები ჟენევიდან „უფრო მეგობრულ ქვეყანაში, მაგალითად მინსკში“.
ზახაროვამ თქვა, რომ ამის შესახებ საუბარი ნაადრევია, მით უფრო, საჯაროდ, თუმცა, მომავალი სხდომების ადგილის შესარჩევად მუშაობა გრძელდება.
„საკითხი ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რეგულარული რაუნდების სხვა, ჭეშმარიტად ნეიტრალურ და ყველა მონაწილისთვის მისაღებ ადგილზე გადატანის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რუსულმა მხარემ წამოჭრა. სწორედ ჩვენმა მხარემ განაცხადა ამის შესახებ და მას აქტიურად დაუჭირეს მხარი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა“, – თქვა მარია ზახაროვამ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
2026 წლის აპრილის მდგომარეობით, გამართულია მოლაპარაკებების 66 რაუნდი.