„გახარია საქართველოსთვის“ განცხადებით, გიორგი გახარიას წარმომადგენელს პროკურატურამ ბათუმში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებული ვიდეო მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა არ მისცა. პარტიის ცნობით, მიზეზად ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნა დაასახელეს, თუმცა უწყებას ასლები აქვს.
პარტიის განცხადებითვე, წარმომადგენელს არ გადასცეს მოწმის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეო ჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია. ვიდეო მტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი.
ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრისმომცემი მოწმე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე. უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი“, – წერია პარტიის განცხადებაში.
გახარიას ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს 15 იანვარს დაესხნენ. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. გიორგი გახარია კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.