საქართველოსთვის სანქციების დაწესების აქტს კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა

პუბლიკა

საქართველოსთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთი კონგრესმენი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დენ ქრენშოუ ემხრობა. ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ვებგვერდზე განახლდა.

ქრენშოუ მე-7 კონგრესმენია, რომელიც სანქცირების საკანონმდებლო აქტს მიემხრო. კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას მანამდე კონგრესმენებმა: ბილ ფლორესმა, უილ ჰარდმა, პიტ ოლსონმა, რენდი ვებერმა, ჩარლს ფლიშმანმა და ბრაიან ბაბინმა დაუჭირეს მხარი.

საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი მარკუენ მალინმა 2019 წლის თებერვალში შეიმუშავა. მას მაშინ მხოლოდ ერთი კონგრესმენი მიემხრო. ბოლო ერთ თვეში კი სანქციების აქტს კიდევ 4-მა კონგრესმენმა გამოუცხადა მხარდაჭერა.

საკანონმდებლო პროექტი ავალდებულებს აშშ-ის პრეზიდენტს, პერიოდულად შეატყობინოს საკანონმდებლო ორგანოს, არღვევს თუ არა საქართველო ვალდებულებებს ან შეთანხმებებს, რომლებიც აქ მომუშავე ამერიკელ ბიზნესმენებთან გააფორმა.

ასევე, უნდა მოხდეს იმ მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირების იდენტიფიცირება, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებელნი. ანგარიში უნდა მოიცავდეს აშშ-ის როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო, კერძო ინვესტიციებს.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელი ბიზნესმენების უფლებების დარღვევა დადგინდა, პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობასა და ოფიციალურ პირებს სანქციები უნდა დაუწესოს, მათ შორის აშშ-ში შესვლასა და საკუთრებაზე.

მარკუეინ მალინი ავტორია ერთ-ერთი კრიტიკული წერილისა, რომელიც ბოლო ორ თვეში საქართველოს მთავრობას გამოუგზავნეს.

მალინი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი  13 იანვარს გამოგზავნილ წერილში დემოკრატიისა ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავდა. მას ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთ მაგალითად ნავთობისა და გაზის ამერიკული  კომპანია Frontera Resources მოჰყავდა. კომპანიასთან საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში დავობს.